საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას მიიღებენ
საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას მიიღებენ

პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას მიიღებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აქამდე, სამთვიანი კურსის გავლა, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, ანაზღაურების გარეშე ხდებოდა.

„კიდევ ერთი სიახლე, რაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მსურველებს დახვდათ, თანამედროვე, ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების ინფრასტრუქტურაა. დღეიდან 319 რეკრუტი სამხედრო ცხოვრების პირველ ეტაპს ვაზიანში, საწყისი საბრძოლო მომზადების (CTC) ცენტრში გაივლის, საველე სწავლებები კი, ვაზიანის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისას, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გამგზავრებამდე რეკრუტებს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტესტირება, თერმოსკრინინგი და შესაბამისი გამოკითხვა ჩაუტარდათ. საწყისი საბრძოლო მომზადების პირველი ეტაპი კი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დაიწყეს. გორში მათ სამხედრო ფორმები დაურიგდათ და ინსტრუქტაჟის შემდეგ ჯგუფებში გადანაწილდნენ“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში BCT კურსის თეორიული ნაწილი 11 დღე გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც რეკრუტებმა სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარება და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს.

დატოვე კომენტარი