საბრძოლო განწყობით ესპანეთთან - საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის დაწყებამდე ბოლო ვარჯიში გამართა [ფოტო] #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ლიმასოლის არენაზე ივარჯიშა, სადაც ხვალ, 28 აგვისტოს ევრობასკეტის გახსნით მატჩს ესპანეთთან გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა, სხვა კალათბურთელებთან ერთად ემზადებოდა თორნიკე შენგელია, რომლის ესპანეთთან თამაში ჯერაც სათუოა.
„გუნდთან ერთად, მესამე დღეა, ვვარჯიშობ, მანამდე ორი კვირის განმავლობაში საერთოდ არ მივარჯიშია. ამიტომ ვცდილობ, ფორმაში შევიდე და მოედანზე გასვლაც ჩემს ფორმაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა თორნიკე შენგელიამ.
კვიპროსში ჩასვლის შემდეგ გუნდი უკვე სრული შემადგენლობით ემზადება. კაპიტნის დაბრუნება დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი კალათბურთელებისთვის. ყველა მოთამაშე ამაღლებულ განწყობაზე საუბრობს.

„განწყობა საბრძოლოა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებას, დიდი ხანია, ველით და ეს დღეც დადგა. გვიხარია, რომ თორნიკე შენგელია შემოგვიერთდა, ვარჯიშების რიტმში დაბრუნდა. დიდი იმედით ველოდებით ხვალინდელ შეხვედრას, იმედი მაქვს, წარმატებული ევრობასკეტი გამოგვივა, კარგად ვიასპარეზებთ და ჯგუფიდან გავალთ“, – განაცხადა პირველ არხთან საუბარში ბექა ბურჯანაძემ.
2025 წლის ევრობასკეტი, შესაძლოა, ქართველი გულშემატკივრების სიმრავლის მიხედვით სარეკორდო აღმოჩნდეს (ცხადია, არ იგულისხმება თბილისური ევრობასკეტი 2022). 2011 წელს ჩვენი გუნდის პირველ ევროპის ჩემპიონატზე ყოველ მატჩს ათასზე მეტი ქართველი ესწრებოდა. ესპანეთთან გამოჩნდება, ეს რეკორდი მოიხსნება თუ არა.
„ქომაგის გვერდში დგომა გუნდისთვისაც ბევრს ნიშნავს და ჩემთვისაც. ჩამოვიდა ჩემი ოჯახი, ბევრი ახლობელი და ერთი სული მაქვს, როდის გავალ მოედანზე. მინდა, წინასწარ მადლობა გადავუხადო მათ, ვინც კვიპროსში გვიქომაგებს და მათაც, ვინც თბილისიდან დაგვიჭერს მხარს“, – ეს სანდრო მამუკელაშვილის სიტყვებია.