საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად ესპანეთის ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა, ერთ-ერთი აქციის დროს პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა [ვიდეო]
საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად ესპანეთის ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქტივისტები ამასთან ესპანეთის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ და შეკრებილებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ.
მედიის ცნობით, აქტივისტები ქვეყნის 50-ზე მეტ ქალაქში შეიკრიბნენ.
ვალენსიაში სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა აქტივისტმა პოლიციელების მიმართულებით ბარიკადები ისროლა. პოლიციამ აქციაზე რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ცნობისთვის, ესპანეთში საბინაო კრიზისისა და მაღალი ქირის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. მოსახლეობის პროტესტი 87 წლის პენსიონერის, მარინ კარმენ აბასკალის გამოსახლებამ გამოიწვია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა მადრიდში, ბინაში, ვიდრე ახალმა მფლობელმა მას ქირა 275%-ით არ გაუძვირა.
საბინაო კრიზისის გადასაჭრელად ესპანეთის მთავრობამ ორი კანონპროექტი წარადგინა. პირველი 2030 წლამდე დამქირავებლების გამოსახლებასა და ქირის გაზრდას კრძალავს, მეორე კი ქირავნობის ხელშეკრულებების ავტომატურ განახლებას ითვალისწინებს. თუმცა, 2 ოქტომბერს პარლამენტში ორივე კანონპროექტი ჩავარდა. პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მოწინააღმედეგეებმა, სახალხო პარტიამ და კატალონიელმა სეპარატისტულმა პარტიამ „ერთად კატალონიისთვის“ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.
ამასთან, ესპანური მედიის ცნობით, პარლამენტში კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა შესაძლოა, ნოემბერში ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.