საბინაო კრიზისი – ესპანეთი იზოლირებული შემთხვევა არ არის
მადრიდში, პუერტა-დელ-სოლის მოედანზე, კარვები და ტენტებია გაშლილი. აქციის მონაწილეები საბინაო კრიზისის მოგვარებას ითხოვენ. 2026 წლის 2 ოქტომბერი
საბინაო კრიზისმა ევროპაში მძიმე ფორმა მიიღო – ფასებისა და ქირის კოლოსალური ზრდა მრავალ ადამიანს სიღარიბეში აგდებს, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა მადრიდი, ლისაბონი და ათენი. კრიზისთან გასამკლავებლად, პოლიტიკოსები სხვადასხვა გზას ირჩევენ – ბაზრის რეგულირებიდან დაწყებული, პოპულისტური რიტორიკით და განტევების ვაცის ძებნით დამთავრებული. ევროკავშირი კი პირველ ნაბიჯებს დგამს პრობლემის მოსაგვარებლად: შეიქმნა საბინაო საკითხთა კომისრის თანამდებობა და 10 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდი ჩამოყალიბდა.
ესპანეთში საბინაო კრიზისი იმდენად ფეთქებადსაშიში გახდა, რომ მან ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამოიწვია. თუმცა, ესპანეთი გამონაკლისი და განსაკუთრებული შემთხვევა ნამდვილად არ არის – დუბლინიდან ბუდაპეშტამდე, ბერლინის გავლით, ქალაქებში მცხოვრები ევროპელებისთვის საბინაო საკითხი მთავარ საზრუნავად იქცა… „ევრობარომეტრის“ მონაცემებით, სიმწვავის კუთხით, მან უმუშევრობასაც კი გადაასწრო.
„ევროსტატის“ ციფრები კი, უბრალოდ, თავბრუდამხვევია. 2010-დან 2024 წლამდე პერიოდში ევროპაში საერთო ინფლაციამ 39% შეადგინა. თუმცა უძრავი ქონების ფასები კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდა: საცხოვრებლის ფასებმა 53%-ით მოიმატა, ხოლო უნგრეთსა და ესტონეთში ზრდამ 200%-ს გადააჭარბა. რაც შეეხება ქირას, ის საშუალოდ 25%-ით გაიზარდა. ხელფასები კი ამ ტემპს, ბუნებრივია, ჩამორჩა.
როდესაც ქირა თითქმის მთლიან შემოსავალს შთანთქავს
მსხვილ ქალაქებში ვითარება გაუსაძლისი ხდება. „დოიჩე ბანკმა“ შეაფასა ის ძალისხმევა, რაც ევროპის რამდენიმე უდიდეს ქალაქში უბრალო, ოროთახიანი ბინის დაქირავებას სჭირდება. ლონდონში, ისევე როგორც მადრიდში, დამქირავებელი თავისი ხელფასის საშუალოდ სამ მეოთხედს ქირაში იხდის. ლისაბონში ვითარება კიდევ უფრო უარესია: საშუალო ქირამ შესაძლოა ადგილობრივ საშუალო ხელფასსაც კი გადააჭარბოს.
„ევროსტატის“ ექსპერტებს ამისთვის სპეციალური ტერმინიც კი შემოიღეს: „ფინანსური ტვირთის კოეფიციენტი“. მოკლედ რომ ვთქვათ: ეს არის ვითარება, როდესაც საცხოვრებელი შემოსავლის 40%-ზე მეტს შთანთქავს. ევროპაში ეს ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით მეათედს ეხება. თუმცა საბერძნეთში ეს მაჩვენებელი თითქმის ყოველ მესამე ადამიანს შეადგენს. შედეგად, ბერძნების ნახევარს ამჟამად ქირის, იპოთეკის ან კომუნალური გადასახადების გადახდის დაგვიანება უფიქსირდება.
საცხოვრებელი, როგორც სიღარიბის ფაქტორი?
შესაბამისად, საბინაო კრიზისი უკვე აღარ არის მხოლოდ უძრავი ქონების პრობლემა. ეს ასევე სიღარიბის საკითხიცაა. პორტუგალიაში, მაგალითად, სიღარიბის ოფიციალური დონე 16%-ია. თუმცა საცხოვრებლის ხარჯების გადახდის შემდეგ ის 27%-მდე იზრდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საცხოვრებელმა შესაძლოა ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა გადაისროლოს.
არსებობს კიდევ ერთი მსხვერპლი: ახალგაზრდობა. სამხრეთ ევროპაში (საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ხორვატია) ახალგაზრდები მშობლიურ სახლს ბევრად გვიან, ზოგჯერ 30 წელს საკმაოდ გადაცილებულნი ტოვებენ. მათ არც ბინის დაქირავების, არც ყიდვის და არც სესხის აღების საშუალება არ გააჩნიათ. მოსახლეობის დაბერებასთან ერთად კი, მრავალი ხანდაზმული მარტო ცხოვრობს დიდ ბინებში, რომლებიც ახალგაზრდა ოჯახებისთვის მიუწვდომელია.
მთავარი პოლიტიკური საკითხი
ესპანეთის სოციალისტურ მთავრობას საბინაო პრობლემასთან გამკლავება უჭირს. მთელ ევროპაში კი ეს კრიზისი რეალურ პოლიტიკურ იარაღად იქცა, როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ფლანგზე.
მემარცხენე ძალები, განსაკუთრებით ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრები, ყურადღებას მსხვილ საინვესტიციო ფონდებსა და ტურისტებზე გათვლილ საცხოვრებლის გაქირავებაზე ამახვილებენ. ისინი ასევე მეტი სოციალური საცხოვრებლის მშენებლობისა და ქირის საფასურზე მკაცრი კონტროლის დაწესებას ითხოვენ.
მემარჯვენე ფლანგზე კი კრიზისით, ძირითადად, პოპულისტური პარტიები სარგებლობენ და მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. განტევების ვაცად მიგრანტები იქცნენ. საფრანგეთში, გერმანიასა თუ გაერთიანებულ სამეფოში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, სოციალური საცხოვრებლების განაწილებისას, „საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უპირატესობის მინიჭებასაც“ მოითხოვს.
როდესაც საქმეში ევროპა ერთვება
ცხადია, რეალობა გაცილებით რთულია. კრიზისს მრავალი მიზეზი აქვს. მთავარი მაინც მოთხოვნის შესაბამისი სოციალური საცხოვრებლების ნაკლებობაა. ამას ემატება იპოთეკური სესხების გაძვირება, საცხოვრებლების ტურისტებზე გაქირავება და უძრავი ქონებით სპეკულაცია. შედეგად, მივიღეთ ფეთქებადსაშიში ვითარება.
კრიზისმა იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ პრობლემის მოგვარებაში ევროკავშირი იწყებს ჩარევას. ეს სიახლეა: საცხოვრებლის პოლიტიკა ძირითადად წევრი სახელმწიფოების კომპეტენციად რჩება, თუმცა ევროკომისიაში უკვე არსებობს საბინაო საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა. გარდა ამისა, ევროკომისიამ ახლახან წარმოადგინა ევროპული კანონის პროექტი, რომელიც საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას ეხება. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 10 მილიარდი ევროს გამოყოფა.
10 მილიარდი ევრო, ერთი შეხედვით, დიდი თანხაა. თუმცა, კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებით, რომელიც მილიონობით ოჯახს ეხება, ეს, უპირველეს ყოვლისა, მხოლოდ პირველი ნაბიჯია.