საბიბლიოთეკო მომსახურების და რესურსების სამსახურის უფროსი – მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და დაგეგმილი ღონისძიებები განრიგის მიხედვით გაიმართება
საბიბლიოთეკო მომსახურების და რესურსების სამსახურის უფროსი მერაბ გეჯუა აცხადებს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ ფილიალებში ყველა ღონისძიების დროებით გაუქმების შესახებ გამოქვეყნებული განცხადება თანამშრომლებთან შეთანხმებული არ ყოფილა.
როგორც მერაბ გეჯუა სოციალურ ქსელში წერს, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება გაწერილი განრიგის მიხედვით.
„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების განცხადება, სადაც, პოლიტიკური შინაარსის გზავნილების გარდა, საუბარი იყო იმაზე, რომ ფილიალებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება დროებით უქმდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ღონისძიებების გაუქმების შესახებ განცხადება არ ყოფილა შეთანხმებული თანამშრომლებთან და, სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილი გახდა მისი გამოქვეყნების შემდეგ.
ერთადერთი კითხვა, რაც განცხადების გავრცელებამდე დაისვა, იყო შემდეგი: ვეთანხმებოდით თუ არა ქვეყნის ევროპულ კურსს და ვგმობდით თუ არა ძალადობას?
ვფიქრობთ, აღნიშნულ საკითხზე როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების დამოკიდებულება არის საერთო. ჩვენ, ყველას გვინდა საქართველოს ევროპული მომავალი, ისევე როგორც წარმოუდგენელია, გამართლება ჰქონდეს რაიმე სახის ძალადობას.
რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალების მუშაობის შეჩერებას, არ შეესაბამება სიმართლეს და ყველა ფილიალი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.
მიგვაჩნია, რომ ჩვენს უწყებას უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გააჩნია თბილისის მოსახლეობის წინაშე, რასაც უნდა ვემსახუროთ ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესების გარეშე.
შესაბამისად, მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება გაწერილი განრიგის მიხედვით“, – წერს მერაბ გეჯუა.