საბერძნეთთან პოლონელები გვიმსაჯებენ - მარჩინიაკს მსოფლიოს ჩემპიონატი და სუპერთასი განუსჯია [ვიდეო] #1TVSPORT
საბერძნეთთან პოლონელები გვიმსაჯებენ - მარჩინიაკს მსოფლიოს ჩემპიონატი და სუპერთასი განუსჯია [ვიდეო] #1TVSPORT

უეფა-მ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მესამე ტურის მატჩებში მსაჯთა ბრიგადები უკვე გაანაწილა და ცნობილი გახდა საბერძნეთისა და საქართველოს შეხვედრის მთავარი არბიტრი – სალონიკში გასამართ თამაშს პოლონეთლ სიმონ მარჩინიაკი განსჯის.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურის მატჩი საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის სალონიკის „ტუმბა არენაზე“ გაიმართება. საინტერესოა, რომ სიმონ მარჩინიაკმა 7 მარტს განსაჯა საბერძნეთის ჩემპიონატში სწორედ სალონიკში გამართული დერბი პაოკ-სა და „არისს“ შორის. პოლონელი მსაჯის გვერდით მისი თანამემამულეები ბონეკი და სოკოლინსკი იმუშავებენ, მეოთხე კი გილი იქნება.

მარჩინიაკი პროფესიონალი მსაჯი 2006 წელს გახდა, ხოლო 2009 წლიდან 200-ზე მეტი მატჩი განსაჯა, მათ შორის პოლონეთის თასის ფინალი (2016) და პოლონეთის სუპერთასი (2017). ფიფა-ს არბიტრი 2011 წელს გახდა. იმავე წელს დებიუტი ჰქონდა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში. 2012 წლიდან მსაჯობს ჩემპიონთა ლიგის მატჩებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს 2014 წლიდან ემსახურება. 2015 წლის 30 ივნისს იგი იყო უეფა-ს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალის მთავარი არბიტრი, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე სამი მატჩი განსაჯა: ესპანეთი-ჩეხეთი და ისლანდია-ავსტრია ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, გერმანია-სლოვაკეთი – პლეი ოფში. 2018 წელს ფიფა-მ მსოფლიოს ჩემპიონატზე რეფერის თანაშემწედ დანიშნა და ასისტენტად ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი ჩაატარა: არგენტინა-ისლანდია და გერმანია-შვედეთი. მთავარ მსაჯი იყო 2018 წლის უეფა-ს სუპერთასის ფინალურ მატჩში მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის.

ბოლო 9 საერთაშორისო მატჩში მარჩინიაკმა ყვითელი ბარათი 39-ჯერ გამოიყენა, ხოლო წითელი ბარათი – 2-ჯერ. ანუ საშუალოდ, შეხვედრაში ყვითელ ბარათს 4,3-ჯერ აჩვენებს, ხოლო წითელ ბარათს – 0,22-ჯერ.