საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა ფინელ, ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებს შეხვდა
საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, კახა კუჭავა ფინელ, ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებს შეხვდა

ქართულმა დელეგაციამ ათენში პირისპირ შეხვედრები დაასრულა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დღეს ფინელ, ბრიტანელ და ლატვიელ კოლეგებს შეხვდა.

შეხვედრებისას საუბრის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო.

როგორც გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის სპიკერი ლინდსი ჰოილი აცხადებს, კახა კუჭავასთან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მან საქართველოსთან მტკიცე მეგობრობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მალე ესტუმრება.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბრიტანეთსა და საქართველოს აკავშირებთ ისტორია. ორმხრივად კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მტკიცე მეგობრობა მნიშვნელოვანია და გვაქვს კიდეც, თუმცა ეს ყველაფერი კავშირშია იმასთანაც, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ ერთმანეთს წინსვლაში ინვესტიციებისა თუ ვაჭრობის მიმართულებით.

ჩვენს ურთიერთობებში ფუნდამენტი უკვე არსებობს, ახლა მასზე დაშენების დროა. იმედია, თქვენს ულამაზეს ქვეყანას მალე ვიხილავ, მასზე ბევრი მსმენია და ბევრი რამის ნახვაც მინდა. საქართველო ხომ ღვინის აკვანია. ჩემი მეუღლე ღვინის ინდუსტრიაში მუშაობს, მის წამოყვანასაც თუ შევძლებ, ეს მართლაც ყველაფერი იქნება. შეხვედრაზე მოპატიჟებები უკვე გავცვალეთ და სწორედ ასე ხდება ურთიერთობების გაღრმავება. ბრიტანეთს შეუძლია, თქვენ მოგცეთ მხარდაჭერა აგრესორების წინაშე. მე რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ თემთა პალატაში ვისაუბრო ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, როგორც მისი სპიკერი, ამას გავაკეთებ, რადგან ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ. კარგი იყო იმის გაგება, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამართალს ბრიტანეთში სწავლობდა, ესეც აჩვენებს ორი ქვეყნის ისტორიას და იმას, რომ მას მოაქვს სარგებელი. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი მეგობრობა მნიშვნელოვანია ბრიტანეთის პარლამენტისთვის“, – აცხადებს ლინდსი ჰოილი