საბერძნეთში ვარჯიშები 5 მაისს განახლდება - მსგავსი გეგმა საქართველოშიც ამოქმედდება
საბერძნეთის სუპერლიგის კლუბები ვარჯიშებს 5 მაისიდან განაახლებენ – ამის შესახებ ქვეყნის კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლეფტერის ავგენაკისმა განაცხადა.
„სამშაბათიდან, 5 მაისიდან გუნდებს საშუალება ექნებათ, ვარჯიშები 6-8-მოთამაშიანი ჯგუფებით დაიწყონ. პირველ ეტაპზე, მოთამაშეთა ვარჯიშები ჩატარდება მხოლოდ ღია მოედნებზე – ეს იქნება მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობის აღსადგენი და ინდივიდუალური ვარჯიშები“, – განაცხადა ავგენაკისმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საბერძნეთის სუპერლიგის ადმინისტრაციის გეგმის მიხედვით, გუნდებმა სრულყოფილი მომზადება 20-25 მაისიდან უნდა დაიწყონ, რათა ჩემპიონატი დაასრულონ.
რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, რომლის დაცვაც ბერძენ სპორტსმენებს და გუნდებს მოუწევთ – ეს იმითაა საინტერესო, რომ უახლოეს პერიოდში ანალოგიური პროცესები საქართველოშიც დაიწყება. ლეფტერის ავგენაკისმა ამის შესახებაც ილაპარაკა:
„სპორტსმენმა, რომელსაც სხვა ადამიანთან კონტაქტი ექნება, ანტისეპტიკური ხსნარები უნდა გამოიყენოს. გასახდელები, საშხაპეები და სპორტული დარბაზები თავდაპირველად არ გაიხსნება. მოთამაშეებმა სავარჯიშო ეკიპირება ჩანთაში უნდა დატოვონ, რომ კლუბის პერსონალმა გარეცხოს. პირველ ეტაპზე, ინდივიდუალური ვარჯიშის უფლება მიეცემა ყველა იმ სპორტსმენს, რომელიც ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.
ინდივიდუალური ვარჯიში დაბალი რისკის სპორტის სახეობებშიც შესაძლებელი იქნება. საბრძოლო ხელოვნებისთვის სახეობებში ფიზიკური კონტაქტი არ დაიშვება, ხოლო მათი ვარჯიშები, ისევე, როგორც კალათბურთისა და ფრენბურთის გუნდების, მხოლოდ ღია არენებზე ჩატარდება“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.