საბერძნეთში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცეს, ქვეყანაში ხანძრის ახალ კერებს ებრძვიან
საბერძნეთში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცეს, ქვეყანაში ხანძრის ახალ კერებს ებრძვიან

საბერძნეთში ევაკუაციის ახალი ბრძანება გასცეს, ქვეყანაში ხანძრის ახალ კერებს ებრძვიან, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

საბერძნეთის სახანძრო ბრიგადის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ხანძრის 61 ახალი კერა გაჩნდა. მათივე თქმით, ყველაზე რთული ვითარება ცენტრალური საბერძნეთის ქალაქ ველესტინოს მახლობლადაა, სადაც ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

მედიის ცნობით, ხანძარს ებრძვიან ცენტრალური საბერძნეთის ქალაქ ლამიასთანაც, სადაც რამდენიმე დასახლების მცხოვრებლებს უთხრეს, უსაფრთხოების მიზნით დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები.

„გამანადგურებელ ხანძრებთან ბრძოლა დღეს ექსტრემალურ პირობებში რამდენიმე ფრონტზე გრძელდება. დღეს ამ ზაფხულის ყველაზე რთული დღეა“, – განაცხადა სახანძრო ბრიგადის სპიკერმა, იოანის არტოპიოსმა ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, საბერძნეთი უკვე მერვე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვის. კუნძულ როდოსიდან 20 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.