საბერძნეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად სამი სამართალდამცველი დაშავდა
საბერძნეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად სამი სამართალდამცველი დაშავდა

საბერძნეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად სამი სამართალდამცველი დაშავდა. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ათენში გვიან ღამით მომხდარი შეტაკების შედეგად დაშავებული პოლიციელებიდან ერთ-ერთის მდგომაროება მძიმეა.

საპროტესტო აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მოქალაქეს პოლიციელი სცემს.

დემონსტრაციაში, რომლის მონაწილეებიც პოლიციელთა მხრიდან ძალადობას აპროტესტებდნენ, 5000 ადამიანი მონაწილეობდა. აქტივისტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით „ჩვენს უბანში პოლიციელებს ადგილი არ არის“.

აქცია შეტაკებაში გადაიზარდა, როდესაც მომიტინგეებმა პოლიცილებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს. სამართლადამცველებმა საპასუხოდ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ათი დემონსტრანტი დააკავეს.

მომხდარს გამოეხმაურა საბერძნეთის პრემიერ მინისტრი. კირიაკოს მიცოტაკისმა ძალადობა დაგმო.

„ძალადობა რომელიც ათენში ვნახეთ სამწუხაროა და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენი ახალგაზრდა თანამოქალაქე პოლიციელის სიცოცხლე საფრთხეშია და ამან უნდა გამოგვაფხიზლოს. არ მივცემ ნებას ვინმეს რომ საზოგადოება გახლიჩოს“, – განაცხდა საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც სამართალდამცავებმა სცემეს, პოლიციელებთან კონფლიქტი იმის გამო მოუვიდა, რომ ის პარკში მსხდომი მოქალაქეების დაცვას შეეცადა, როდესაც მათ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის აჯარიმებდნენ.

თავად პოლიციელები ამტკიცებენ, რომ მათ თავს დაესხნენ და ამიტომ გამოიყენეს ძალას.

საბერძნეთის სახალხო დამცველის ცნობით, პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ საჩივრების რაოდენობა ბოლო პერიოდში გაიზარდა, რადგან მოქალაქეები კოვიდშეზღუდვებით გადაიღალნენ.