საბერძნეთსა და მაკედონიას შორის შეთანხმების შემთხვევაში, მაკედონია 2020 წლისთვის შესაძლოა, ნატო-ს წევრი გახდეს
საბერძნეთსა და მაკედონიას შორის შეთანხმების რატიფიცირება თუ მოხდება, შესაძლოა, 2020 წლისთვის მაკედონია ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდეს – ეს განცხადება ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაციაში გაკეთდა.
ალიანსში მიაჩნიათ, რომ დოკუმენტის რატიფიცირებას დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება.
მაკედონიის პარლამენტმა 4 დეკემბერს კონსტიტუციაში შესწორების შეტანასთან დაკავშირებით, ინიციატივას მხარი დაუჭირა.
მაკედონიასა და საბერძნეთს შორის უთანხმოება მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც საბერძნეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მაკედონიის გაწევრიანებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. საბოლოოდ, საბერძნეთი და მაკედონია სახელის შეცვლაზე შეთანხმდნენ.
შეთანხმების მიხედვით, მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია დაერქმევა.