პაოკ-ის პრეზიდენტ ივან სავიდისთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატი გაურკვეველი ვადით იქნება შეჩერებული , – ამის შესახებ, ქვეყნის სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით, ვებგვერდი ert.gr წერს. 11 მარტს პაოკ-ისა და აეკ-ის მატჩის ბოლო წუთზე, როდესაც ანგარიში 0-0 იყო, პაოკ-მა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მსაჯებმა ის არ ჩათვალეს. მოედანზე კონფლიქტი წარმოიშვა, რომელსაც სავიდი შეუერთდა. ერთ-ერთ ფოტოზე აშკარად ჩანს, რომ მას ქამარში იარაღი აქვს დამაგრებული. მოწმეთა ჩვენებით, ბიზნესმენი ცდილობდა მსაჯებთან კონფლიქტში შესვლას. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ პაოკ-ის მფლობელი მსაჯს პისტოლეტით ემუქრებოდა.
აღნიშნავენ, რომ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხთან დაკავშირებით უეფასთან თანამშრომლობს. გამოცემა ამტკიცებს, რომ მომხდარის გამო შესაძლოა ყველა ბერძნული კლუბი და ეროვნული ნაკრები გარიცხონ უეფასა და ფიფას ეგიდით გამართული ტურნირებიდან.
გარდა ამისა, პორტალი FP იტყობინება, რომ საბერძნეთის პოლიციამ ორდერი გასცა სავიდის დაპატიმრებაზე.