საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე შექმნილი სიტუაციის გამო, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების მიღება შეწყვიტა
საბერძნეთმა თურქეთთან საზღვარზე შექმნილი სიტუაციის გამო, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ (BBC) ავრცელებს.
როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს, საბერძნეთმა საზღვრებზე კონტროლი მაქსიმალურად გაამკაცრა.
„საბერძნეთი არის ევროპის საზღვარი. ჩვენ მას დავიცავთ. არ შეეცადოთ საბერძნეთში არალეგალურად ჩამოსვლა. თქვენ უკან გაგაბრუნებენ“, – განაცხადა მიცოტაკისმა.
მანამდე საბერძნეთის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ მათ თურქეთიდან მომავალი 10 000 მიგრანტი შეაჩერეს. საზღვართან რამდენიმე შეტაკებაც მოხდა. პოლიცია იძულებული იყო, ცრემლმდენი აირი გამოეყენებინა.
თურქეთმა მიგრანტებს ევროკავშირის საზღვრებისკენ გზა მას შემდეგ გაუხსნა, რაც სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება დაიძაბა. სირიის არმიის იერიშის შედეგად, 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.