საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. პანოს კამენოსის გადაწყვეტილების მიზეზი მაკედონიის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმებაა. მემარჯვენე პოლიტიკოსმა კიდევ ექვს მინისტრს, რომლებიც მის პარტიაში იმყოფებიან, თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

პანოს კამენოსის პარტია „დამოუკიდებელი ბრძნები“ მაკედონიის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ გამოდის.

საბერძნეთსა და მაკედონიას შორის მაკედონიის სახელთან დაკავშირებით დავა უკვე დიდი ხანია გრძელდება. ამის გამო, ოფიციალური ათენი მეზობელი სახელმწიფოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას ბლოკავს.

რამდენიმე თვის წინ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის შეთანხმება გაფორმდა. 11 იანვარს კი შეთანხმების საფუძველზე მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნისთვის სახელის შეცვლას მხარი დაუჭირა. ცვლილების სასარგებლოდ 120-მანდატიანი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 81-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

მაკედონიის კონსტიტუციაში შესწორების შეტანის შედეგად ქვეყანას ჩრდილოეთ მაკედონიას უწოდებენ. თუმცა, მანამდე ქვეყნისთვის სახელის შეცვლას საბერძნეთის პარლამენტმაც უნდა დაუჭიროს მხარი.

დატოვე კომენტარი