საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი ხანძრის მძიმე შედეგებს უკანონო მშენებლობებს აბრალებს
საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი ხანძრის მძიმე შედეგებს უკანონო მშენებლობებს აბრალებს

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ხანძრის მძიმე შედეგი უკანონო მშენებლობების გამო დადგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი პანოს კამენოსი ამბობს, მოქალაქეების მიერ ტყის მასივთან ჩადგმული სახლების გამო, ხანძრის დროს დასახლებიდან გასასვლელები ჩახერგილი აღმოჩნდა.

„ბევრი სახლი სანაპიროზე უკანონოდ იყო აშენებული, ეს არის დანაშაული, რამაც სტიქიის ასეთი საშინელი შედეგი გამოიწვია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე სტიქიის ზონაში ჩასულ თავდაცვის მინისტრს ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა და უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდა. მოქალაქეების თქმით, მთავრობამ ისინი სტიქიის დროს ბედის ანაბარა მიატოვა. დაზარალებულების ნაწილი ამტკიცებს, რომ მოქალაქეებს ზღვაში ჩაყვინთვა ურჩიეს მაშინ, როდესაც სანაპიროსთან მისვლა შეუძლებელი იყო.

ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ატიკას რეგიონში მდებარე ქალაქებში მატიში და რაფინაში ყოველი მეოთხე სახლი დამწვარია. დანარჩენები კი – დაზიანებული. ამ ეტაპზე დაღუპულთა რიცხვი ოფიციალური ცნობებით 85-ია. ასზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში რჩება. გრძელდება დაკარგულების სამძებრო სამუშაოებიც. უგზო უკვლოდ დაკარგულებს შორის არიან ცხრა წლის ტყუპი დებიც.