საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა, დანიშვნიდან ორ კვირაში, სახელმწიფო კონტრაქტებთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვა

18:56, 28.11.2026

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვანგელის ლიაკოსმა თანამდებობა დანიშვნიდან ორ კვირაში სახელმწიფო კონტრაქტებთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვა.

ლიაკოსმა გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ორი დის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა პირდაპირი წესით 1.4 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს. გავრცელებული ცნობებით, მას შემდეგ, რაც ლიაკოსი 2019 წელს პარლამენტის წევრი გახდა, სახელმწიფო უწყებებიდან მისი დების ბიზნესის ბრუნვა რვაჯერ გაიზარდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ლიაკოსმა აღნიშნა, რომ „ამორალური და ვულგარული თავდასხმის“ სამიზნე გახდა და თანამდებობას „წინასაარჩევნო კანიბალიზმის დასრულების იმედით“ ტოვებს. მისი თქმით, დების პროფესიულ საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

მომხდარს მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ისე თავად მმართველი პარტია „ახალი დემოკრატიის“ წევრების მხრიდან, რომლებმაც ლიაკოსს გადადგომისკენ მოუწოდეს. ოპოზიციამ მთავრობა სახელმწიფოს „საოჯახო ბიზნესად ქცევაში“ დაადანაშაულა.

ვანგელის ლიაკოსმა 13 ნოემბერს შეცვალა ლაზაროს ცავდარიდისი, რომელმაც თანამდებობა ასევე სკანდალის გამო დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ქალიშვილი უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე დამატებითი ქულების მოსაპოვებლად ფიქტიურად იყო გაფორმებული ხელბურთის ახალგაზრდულ გუნდში.

მსგავსი