საბერძნეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ დაგეგმილია ქვეყნის ტერიტორიული წყლების გაფართოება
საბერძნეთი დასავლეთ ნაწილში ტერიტორიული წყლების გაფართოებისთვის მზად არის. ამის შესახებ ქვეყნის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს კოტზიასმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასისთვის საკუთარი პორთფოლიოს გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ტერიტორიული წყლების საშუალოდ 6-12 საზღვაო მილით გაფართოებაა დაგეგმილი.
ნიკოს კოტზიასის განმარტებით, ცვლილება კუნძულ დიაპონტიას და მასთან არსებულ პატარა კუნძულების რეგიონს შეეხება. ამასთან, დიპლომატმა განაცხადა, რომ პროექტი საერთაშორისო სამართალს შეესაბამება.
ამჟამად საბერძნეთის ტერიტორიული წყლები ექვს საზღვაო მილს შეადგენს. საბერძნეთის მიერ საზღვაო ტერიტორიის გაფართოებას თურქეთი ეწინააღმდეგება. ანკარაში აცხადებენ, რომ ათენის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი მხარეებს შორის Casus belli ანუ ომის დაწყების ფორმალური მიზეზი გახდება.