საბერძნეთის პრემიერი - საფრანგეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ
საბერძნეთის პრემიერი - საფრანგეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ

საბერძნეთი საფრანგეთთან სამხედრო თანამშრომლობას გააღრმავებს. როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს, პარიზსა და ათენს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საბერძნეთმა 2020 წელს გააფორმა საფრანგეთთან 2,5 მილიარდ ევროდ შეფასებული კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც ათენი 18 ფრანგულ ავიაგამანადგურებელს შეისყიდის.

როგორც მიცოტაკისი აღნიშნავს, საბერძნეთი დამატებით ექვსი თვითმფრინავის ყიდვას აპირებს. ამასთან, საფრანგეთი საბერძნეთს ახალ ფრეგატებსაც გადასცემს. შესაბამისი კონტრაქტის გაფორმების შესახებ განცხადებას პარიზში დღეს ელოდებიან.

„საფრანგეთსა და საბერძნეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.

საფრანგეთსა და საბერძნეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ინფორმაციას წინ უძღოდა აშშ-ის, ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ უსაფრთხოების პაქტის გაფორმება, რის გამოც ავსტრალიამ საფრანგეთისგან წყალქვეშა ნავების შესყიდვის შესახებ გაფორმებული მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გაწყვიტა.