საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე - საქართველო დგამს ნაბიჯებს ევროპული გზისკენ, დარწმუნებული ვარ, ორ წელიწადში ყველა ნაბიჯი შეფასებული იქნება პოზიტიურად და შემდგომი განვითარება მოჰყვება
საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე - საქართველო დგამს ნაბიჯებს ევროპული გზისკენ, დარწმუნებული ვარ, ორ წელიწადში ყველა ნაბიჯი შეფასებული იქნება პოზიტიურად და შემდგომი განვითარება მოჰყვება

საბერძნეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, – ამის შესახებ საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარე კონსტანტინოს ტასოულასმა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საბერძნეთში მიმდინარეობს.

„მინდა, მივესალმო საქართველოს, ჩვენი მეგობარი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს ამ კონფერენციაზე. საბერძნეთს საქართველოსთან ისტორიული კავშირი აქვს და ასევე, ორ ქვეყანას აკავშირებს დიასპორები.

ჩვენი ქვეყანა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. საქართველო დგამს მის შემდგომ ნაბიჯებს ევროპული გზისკენ. დარწმუნებული ვარ, ორ წელიწადში ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეფასებული იქნება პოზიტიურად და შემდგომი განვითარება მოჰყვება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდა და იმედისმომცემი პოლიტიკოსია. უახლოეს წარსულში ის ასევე იყო საქართველოს პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის თავმჯდომარე. ეს ძალიან კონსტრუქციული თვისებაა ამ კონფერენციის ამბიციებისა და მისწრაფებების განხორციელებისთვის.

ეს კონფერენცია გარემოს დაცვას ეძღვნება, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ გარემოს დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რამდენადაც ჩვენ ევროპის საბჭოს წევრები ვართ. ჩვენ უნდა ვუბიძგოთ ჩვენს მთავრობებს და საბერძნეთის მთავრობამ უკვე მიიღო პროგრამა კლიმატურ კრიზისთან გასამკლავებლად.

ევროპის საბჭოს ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან ჩემი ორმხრივი შეხვედრების შედეგად, მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვხედავ პროევროპულ თანამედროვე დემოკრატიებში ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, რომელთაც გააჩნიათ გარემოს დაცვის ხედვა“, – განაცხადა კონსტანტინოს ტასოულასმა.