საბერძნეთი სასაზღვრო რეგიონებში დასახლების მსურველ ოჯახებს 10 ათას ევრომდე ოდენობის თანხას სთავაზობს
საილუსტრაციო ფოტო / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი" (AFP)
საბერძნეთის მთავრობა 10 000 ევრომდე ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს ოჯახებს, რომლებიც ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებში გადასახლებას გადაწყვეტენ. ბერძნული გამოცემა Imerisia-ს ცნობით, გადასახლების შესახებ განაცხადების წარსადგენი სპეციალური პლატფორმა ოქტომბერში ამოქმედდება. აღნიშნული ინიციატივა დემოგრაფიული განვითარებისა და სასაზღვრო რეგიონების მხარდაჭერისკენ მიმართული წახალისების კომპლექსური პროგრამის ნაწილია.
ტელეარხ „ანტენის“ ეთერში გამოსვლისას, სოციალური ერთიანობისა და ოჯახის საკითხების მინისტრმა, დომნა მიხაილიდუმ განაცხადა, რომ დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, რომელიც ბულგარეთსა და თურქეთთან მოსაზღვრე ევროსის რეგიონში დაიწყო, თანდათან გაფართოვდება.
„ოქტომბერში ჩვენ ავამუშავებთ პლატფორმას და, სასაზღვრო რეგიონებში გადასახლებაში დასახმარებლად, ოჯახებს 10 000 ევრომდე თანხას გამოვყოფთ“, – აღნიშნა მინისტრმა ტელეარხთან ინტერვიუში.
პროგრამაში ჩართვა საბერძნეთის იმ მოქალაქეებსაც შეუძლიათ, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ და სამშობლოში სურთ დაბრუნება.
მაგალითად, ეგეოსის ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ კასტელორიზოზე დასახლების მსურველები ყოველწლიურად 5 000 ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას იღებენ. იქ დასახლების შემდეგ, ოჯახებს, თითოეულ ბავშვზე, დამატებით 1 000 ევრო გამოეყოფათ. იგეგმება საბავშვო ბაგა-ბაღის და სკოლის მშენებლობა, ასევე გათვალისწინებულია დამატებითი წახალისება განსაკუთრებით მოთხოვნადი ისეთი პროფესიის წარმომადგენლებისთვის, როგორიც, მაგალითად, ექიმები არიან.