საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ონლაინღონისძიებები გაიმართება
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ონლაინღონისძიებები გაიმართება

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ონლაინშეხვედრა გაიმართება ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან, კერძოდ ემიგრაციაში წასული პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლებთან, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, ისტორიული და თანამედროვე დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც მიმოიხილავენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-პოლიტიკურ ასპექტებს.

„დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალება ეძლევა, შეხვედრას თვალი ადევნოს სამინისტროს „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით. საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წაუკითხავს ონლაინლექციას საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით და ასევე ისაუბრებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან დღეს მიმდინარე ოკუპაციასა და არსებულ გამოწვევებზე.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება ონლაინ-გამოფენა, რომელიც დაინტერესებულ მნახველს სთავაზობს ფოტო და საინფორმაციო მასალას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისა და საქართველოს ოკუპაციის თემაზე. გამოფენის ხილვა შესაძლებელია ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების „ფეისბუქ“ გვერდებზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები დაინტერესებულ საზოგადოებას ასევე შესთავაზებენ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ვირტუალურ ტურს. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვება სამინისტროს შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების შენობებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.