საბავშვო ევროვიზია 2019-ზე საქართველოს წარმომადგენელი გიორგი როსტიაშვილი პოლონეთში გაემგზავრა
საბავშვო ევროვიზია 2019-ზე საქართველოს წარმომადგენელი გიორგი როსტიაშვილი პოლონეთში გაემგზავრა

საბავშვო ევროვიზია 2019-ზე საქართველოს წარმომადგენელი გიორგი როსტიაშვილი და ქართული დელეგაცია პოლონეთში გაემგზავრნენ.

გიორგი როსტიაშვილი, რომელიც საქართველოს პირველი არხის საბავშვო კონკურს „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებულია, პოლონეთში 24 ნოემბერს იმღერებს. პოპულარულ საერთაშორისო კონკურსზე მას 18 კონკურენტი ეყოლება.

ევროვიზიის პროდიუსერ ნათია უზნაძის თქმით, პირველი ღონისძიება, რომელიც საბავშვო ევროვიზიის ფარგლებში გაიმართება, იქნება წითელი ხალიჩა, სადაც ცნობილი გახდება, მერამდენე ნომრად გამოვა გიორგი როსტიაშვილი კონცერტზე.

„როგორც იცით, კონცერტი 24 ნოემბერს გაიმართება და პირდაპირ ტრანსლაციას პოლონეთიდან, როგორც ყოველთვის, საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებთ. ​მოლოდინს რაც შეეხება, როგორც საბავშვო, ისე დიდების ევროვიზიას წინასწარ ვერასოდეს გათვლი. ამიტომ, მოლოდინი ყოველთვის გვაქვს ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, გიორგის მიერ შესრულებული სიმღერა ყველას ძალიან მოეწონება, უმაღლეს შეფასებას მიიღებს და რაც მთავარია, ყველას შეუძლია, ქართველებს, უცხოელებს, მისცენ ხმა გიორგის საიტის მეშვეობით. ამიტომ, აუცილებლად უნდა იაქტიუროთ. თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ევროვიზიის პროდიუსერმა ნათია უზნაძემ.

ამასთან, ​საქართველოს სახელით საკონკურსო ქულებს „რანინას“ ერთ-ერთი მონაწილე – ანასტასია გარსევანიშვილი გამოაცხადებს.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის საკონკურსო სიმღერის ავტორი დავით ევგენიძეა. „გვინდა, გვიყვარდეს“ (We need Love) – ამ სახელწოდებით სიმღერაზე კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია. ვიდეორგოლში პროექტ „რანინას“ წლევანდელი კონკურსანტებიც მონაწილეობენ.

საბავშვო ევროფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შენ შეგიძლია წვლილი შეიტანო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულის არჩევაში! არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ და საიდან ხარ, შეგიძლია ხმის მიცემა დაიწყო 24 ნოემბრიდან Junioreurovision.tv-ზე. თუ შენი ქვეყანა მონაწილეობს, შეგიძლია მხარი დაუჭირო შენივე ქვეყნიდან.