საბავშვო ევროვიზია 2018-ის ფინალური შოუს ტრანსლაციას „ახალი დღის“ წამყვანები - ელენე კალანდაძე და გაგა აბაშიძე გაუძღვებიან
საბავშვო ევროვიზია 2018-ის ფინალური შოუს ტრანსლაციას „ახალი დღის“ წამყვანები - ელენე კალანდაძე და გაგა აბაშიძე გაუძღვებიან

25 ნოემბერს პირველ არხზე საბავშვო ევროვიზია 2018-ის ფინალური შოუს ტრანსლაციას თბილისიდან გადაცემა „ახალი დღის“ წამყვანები – ელენე კალანდაძე და გაგა აბაშიძე გაუძღვებიან. გაგა აბაშიძე ჯგუფ „ირიაოს“ წევრია, რომელიც საქართველოს სახელით 2018 წლის ეროვიზიაზე წარდგა. შარშან საბავშვო ევროვიზია 2017-ის წამყვანები ელენე კალანდაძე და ლიზი პოპი იყვნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, ბელარუსის რესპუბლიკაში, ქართველ მონაწილე თამარ ედილაშვილთან ერთად მაყურებელი პროექტ „რანინას“ კიდევ ერთ მონაწილეს, მეორე ადგილის მფლობელ ნიკოლოზ ვასაძეს იხილავს. 25 ნოემბერს ის ევროპას საქართველოს ქულებს გააცნობს. ქულები ჟიურის, ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ჯამით გამოითვლება. ევროვიზიის ფინალს საპატიო სტუმრის სტატუსით ასევე დაესწრება „რანინას“ პრიზიორი ანასტასია ტოგონიძე.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა „შენი ხმა“, რომელსაც თამარ ედილაშვილი შეასრულებს, კონკურსის შედეგად, 22 კომპოზიციას შორის შეირჩა.

საბავშვო ევროვიზიაზე თამარ ედილაშვილი მე-13 ნომრად გამოვა.