საბა კვირკველია მზადა არის, მომდევნო სეზონი ვოლგოგრადის „როტორში“ ითამაშოს, მაგრამ საამისოდ მან გუნდს პირობები წაუყენა, – წერს გამოცემა „სპორტ24“.
„მართალია, იური ბატურენკოს ვოლგოგრადის „როტორის“ მთავარ მწვრთნელად მუშაობის უფლება ლიცენზიის არქონის გამო არ დართეს, მაგრამ ის რეალურად გუნდის მთავარი მწვრთნელია. მისმა მისვლამ კი, როგორც თავად აღიარა, მოტივაცია შესძინა „როტორის“ ცენტრალურ მცველს, საბა კვირკველიას. ფეხბურთელი მზად არის სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს ვოლგოგრადის გუნდთან, მაგრამ ერთი პირობით. „როტორი“ და საბა კვირკველია შეთანხმდნენ, რომ გააფორმებენ კონტრაქტს, თუ სეზონის ბოლოს ვოლგოგრადელები პირველ ლიგაში არ გავარდებიან“, – ამტკიცებს Sport24.
გამოცემა შეთანხმების დეტალებსაც ასაჯაროებს: „ჩვენი ცნობით, კლუბმა და ფეხბურთელმა უკვე განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის ყველა პირობა. კვირკველია, როგორც ჩანს, მზად არის გააგრძელოს გუნდში თამაში, რადგან ის კარგად იცნობს „როტორის“ მთავარი მწვრთნელის ახალი მრჩეველის, იური ბატურენკოს მუშაობის მეთოდებს – კვერკველიამ სამი სეზონი ითამაშა „ლოკომოტივში“, როდესაც ის იური სიომინის თანაშემწე იყო“.
ქართველი მცველი კვლავ მოსკოვის „ლოკომოტივს“ ეკუთვნის, ვოლგოგრადში კი იჯარით თამაშობს. მას მოსკოველებთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულს ეწურება და „როტორი“, რომელმაც კვირკველია სეზონის დასაწყისში იჯარით დაიმატა, მზად არის ფეხბურთელს სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმოს.