საბა გოგლიჩიძე – 21-წლამდელების ევრო 2025-ზე ნაკრებმა ისე ითამაშა, ფეხბურთელების მადლიერი უნდა ვიყოთ #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძემ ვარჯიში განაახლა და მზადაა, სეზონის დაწყებამდე გუნდს შეუერთდეს, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველმა პირველ არხთან ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდა.
„მკურნალობისა და რეაბილიტაციის სრული კურსი გავიარე. უკვე სამი დღეა, რაც სირბილი დავიწყე და ვემზადები ახალი სეზონისთვის. მაქვს დრო, რომ ჩემპიონატის დაწყებას სრულ მზადყოფნაში შევხვდე.
საზარდულის პრობლემები იანვარში დამეწყო. მძიმე ტრავმა არ იყო, მაგრამ უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ამის გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გამოვტოვე. ასეთ მდგომარეობაში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისთვის მზად არ ვიყავი.
გუნდი ისეთი ძლიერი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, რომ შეიძლებოდა ისტორიის დაწერა. ასე თუ ისე, ბიჭებმა კარგად ითამაშეს და თითოეული ჩვენგანი მათი მადლიერი უნდა იყოს – საქართველოს ნაკრები ტურნირზე ღირსეულად გამოვიდა“, – განაცხადა გოგლიჩიძემ.