საბა ბუაძე - თუ პოლიტიკური კრიზისი არ გადაწყდება შეთანხმებით, ქვეყნის უახლოესი მომავალი იქნება ძალიან რთული და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი
საბა ბუაძე - თუ პოლიტიკური კრიზისი არ გადაწყდება შეთანხმებით, ქვეყნის უახლოესი მომავალი იქნება ძალიან რთული და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი

თუ პოლიტიკური კრიზისი არ გადაწყდება შეთანხმებით, ამ ქვეყნის უახლოესი მომავალი იქნება ძალიან რთული და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, ამ მოლოდინებით უნდა იხელმძღვანელოს ყველა მხარემ, – ამის შესახებ „ლელოს“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

„ამ ძალიან მწვავე პოლიტიკურ სიტუაციაში ძალიან რთული არის მოლოდინის ქონა, მით უმეტეს, პოზიტიურ მოლოდინს აქარწყლებს „ქართული ოცნების“ ძალიან ცუდი რიტორიკა, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა დანიელსონის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე და ხელისუფლება ძალიან თამამად ისევ აგრესიულ გზავნილებს აგზავნის ოპოზიციის მისამართით. მიუხედავად ამისა, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს და ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური კრიზისი არ გადაწყდება შეთანხმებით, ამ ქვეყნის უახლოესი მომავალი და უახლოესი თვეები იქნება ძალიან რთული და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. ზუსტად ამ მოლოდინებით უნდა იხელმძღვანელოს ყველა მხარემ“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ განაცხადა, რომ მზად არის დათმობისა და კომპრომისისთვის.

„იგივე უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამაც“. ითქვა ოპოზიციის წითელი ხაზები როგორი არის. როდესაც ადამიანების პოლიტიკურ დევნაზე მიდის საუბარი და ადამიანები არიან ციხეში, ბუნებრივია, რომ ეს არის წითელი ხაზი, ეს არის ღირსებისა და ადამიანის პატივისცემის ხაზი, რომელსაც ოპოზიცია ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გადაკვეთს. სხვა ყველა მიმართულებით ჩვენ ვაჩვენეთ მოქნილობა, ვაჩვენეთ მზაობა კომპრომისისთვის ყველა იმ პუნქტზე, რომელიც ბატონი მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში არის და ახლა რიგი არის „ქართულ ოცნებაზე“, რომ გააკეთოს იგივე და მოხდეს პოზიციების დაახლოება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან დაიწყებს.