საბა ბუაძე - შედეგები გაუყალბეს მთელ ოპოზიციურ სპექტრს, მაგრამ „ქართული ოცნების“ განსაკუთრებული სამიზნე „ლელო“ იყო, ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა
საბა ბუაძე - შედეგები გაუყალბეს მთელ ოპოზიციურ სპექტრს, მაგრამ „ქართული ოცნების“ განსაკუთრებული სამიზნე „ლელო“ იყო, ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა

შედეგები გაუყალბეს არა მხოლოდ „ლელოს“, არამედ მთელ ოპოზიციურ სპექტრს, მაგრამ „ქართული ოცნების“ განსაკუთრებული სამიზნე „ლელო“ იყო, ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელიც პოლიტიკურ ველზე ორპარტიული მოცემულობის გარღვევისთვის შემოვიდა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ის შედეგი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და მის მიერ მართულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააყენა, ზუსტად ამ ნარატივის შენარჩუნებას უწყობს ხელს“, – განაცხადა ბუაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით „ლელოს“ პროტესტის საბაბი მაშინ, როცა ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით პარტიამ 3%-ზე ოდნავ მეტი მიიღო, რაც ემთხვევა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს, ყველა ეგზიტპოლის და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ პარალელური დათვლით მიღებულ შედეგებს, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ ეს არჩევნები ამომრჩევლის ნებას არც ერთ შემთხვევაში არ გამოხატავს.

„ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სურათი იმისგან, რაც ჩვენ მივიღეთ, რაც ფაქტობრივად ვიცით, რომ ასე მოხდა. ჩვენ ვიცით, რომ 160 000-ზე მეტი ჩვენი მომხრე უტყუარად იყო მისული და ხმა „ლელოს“ მისცა. რა თქმა უნდა, ჩვენც ვაწარმოებდით პარალელურ დათვლას, ძალიან კარგად ვიცოდით სურათი, რომელიც იყო და აბსოლუტურად სხვა სურათი გამოვლინდა ჩვენთან მიმართებაში. ეგზიტპოლები იყო მიზანმიმართული კამპანია. ეგზიტპოლები თავიდანვე ტარდებოდა წინასწარი პოლიტიკური ქვეტექსტით, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ“, – განაცხადა ბუაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, მნიშვნელოვნად დაზარალდება თუ არა „ლელო“ საპარლამენტო მანდატების გამოუყენებლობის შემთხვევაში, რადგან საპარლამენტო ტრიბუნა მნიშვნელოვანი ბერკეტია, ხოლო ბოლო პერიოდში გამართული საპროტესტო აქციები შედეგიანი არ იყო, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ აქციები შედეგიანი იყო, რასაც 8 მარტის შეთანხმებაც ადასტურებს.

„მინდა, შეგახსენოთ ის ძალიან ყელმოღერებული და აგრესიული რიტორიკა, რომელსაც კობახიძეები, მდინარაძეები და მათი ყავისფერი და „სერი“ მასა გვთავაზობდა, რომ არ იქნება, წერტილი და ეს არის სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ძალიან კარგად მოუწიათ საკუთარი სიტყვების უკან წაღება. პირობას გაძლევთ, მათ ახლაც მოუწევთ ამ აგრესიული რიტორიკის უკან წაღება. საზოგადოების ერთიანობა ამის გარანტი იქნება. მათ შორის – საპროტესტო ფონი, რომელიც ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ბუაძემ.

მისი თქმით, არჩევნებზე მოხდა კრიმინალური, აგრესიული და არაფხიზელი ელემენტების მობილიზება.

„ჩემივე საარჩევნო უბანთან მიმაცილებდნენ. როგორც ახალი კანდიდატი, ეტყობა, ვიღაც არაფხიზელმა ადამიანმა, მოძველბიჭო ელემენტებმა ვერ ამომიცნეს და მითხრეს, აბა, შენ იცი, ხომ სწორ არჩევანს გააკეთებო. ასე ცდილობდნენ, ფსიქოლოგიურ ტერორში ემყოფებინათ ადამიანები და წარმოუდგენელი რაღაცები იკადრეს“, – განაცხადა ბუაძემ.

შეკითხვაზე, დარჩება თუ არა „ლელოს“ ბოიკოტი უცვლელი იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ გამოყენებული სამართლებრივი მექანიზმი ეფექტური იქნება, მოხდება ოქმების ხელახალი გადათვლა, ჩასწორება და ა.შ, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ სამართლებრივი მექანიზმი ვერ გაასწორებს იმ ტოტალურ უსამართლობას და ღირსების შემლახავ გაყალბებას, რასაც ადგილი ჰქონდა.