საბა ბუაძე - ამნისტიის კანონის მიღება უნდა მოხდეს საგამოძიებო კომისიის დასკვნის დამტკიცების შემდეგ
საბა ბუაძე - ამნისტიის კანონის მიღება უნდა მოხდეს საგამოძიებო კომისიის დასკვნის დამტკიცების შემდეგ

საუკეთესო შემთხვევაში, ამნისტიის კანონის მიღება უნდა მოხდეს საგამოძიებო კომისიის დასკვნის დამტკიცების შემდეგ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის მიზანია, დადგინდეს სიმართლე და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირები გამოიკვეთონ.

ბუაძე აცხადებს, რომ სწორედ კომისიის მუშაობის შემდეგ უნდა მოხდეს ამნისტიაზე საუბარი.

„საგამოძიებო კომისიის მიზანი არის სწორედ ის, რომ დადგინდეს სიმართლე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიკვეთონ პასუხისმგებელი პირები. საგამოძიებო კომისია არის ამისი ყველაზე ეფექტური, აუცილებელი საშუალება. ამ კომისიის მუშაობის შემდეგ უნდა მოხდეს ამნისტიაზე საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ როგორც პარალელური პროცესი, ისე წავიდეს. თუმცა კარგი იქნება, თუ ხელისუფლება დაინახავს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ამ კომისიამ იმუშაოს. პირველ რიგში, იმ ფაქტების და სიმართლის გამოვლენაზე, რომელიც 20 ივნისთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ორი წელია, არ ვიცით. საგამოძიებო კომისია არც ერთ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება შეთანხმებას. მეტიც როდესაც ვსაუბრობთ ამნისტიაზე და ამნისტიის განსხვავებულ ხედვაზე, საგამოძიებო კომისია არის ამ ხედვების დაახლოების საუკეთესო გზა. ხელისუფლებას ეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ იქამდე, ვიდრე ამნისტიის შესახებ ფართო კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს, აუცილებელია, 20 ივნისზე მოხდეს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებას მიეწოდებოდეს სრული და სწორი ინფორმაცია ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით. „ლელო“ ამას უზრუნველყოფს როგორც პარლამენტის კედლებიდან, ისე მის მიღმა. ვინაიდან ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობა არის ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება ევროკავშირის მოდერაციით მიღებული შეთანხმების დოკუმენტში. ჩვენ ჩვენს ვალდებულებას შევასრულებთ და მონაწილეობას მივიღებთ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვაში, ისევე როგორც ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტის შეფასებაში.

ნიკა მელიას გათავისუფლება არის ამ რთული და კრიზისული ვითარების განმუხტვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და ის აუცილებლად უნდა გამოვიდეს ციხიდან. მისი პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს და ,,ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შემოუერთდეს დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტში, სადაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ისე ბევრი სხვა მიმართულებით. პირველ რიგში, იმ პუნქტებზე, რომლებიც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით არის შესასრულებელი“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.