საბა ბუაძე – დაფინანსების შეწყვეტა ოპოზიციას ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ პოლიტიკური პოზიციის შეცვლაზე ეს ვერ იმოქმედებს
დაფინანსებასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტი არის ოპოზიციის შანტაჟის მორიგი უსუსური მცდელობა, როდესაც არ გაჭრა პოლიტიკური საქმეების გააქტიურებამ და არც ერთმა ფორმამ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
ბუაძის თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკებების სივრცეს ბოლომდე გამოიყენებს.
„ირაკლი კობახიძის და „ქართული ოცნების“ თავში მოიხარშა ეს მავნებლობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ შედეგს გამოიღებს, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება, „ქართული ოცნების“ დასასრულის კიდევ უფრო დაჩქარება. დიახ, ეს შეუქმნის ოპოზიციას ფინანსურ პრობლემებს, შეუქმნის პრობლემებს იმ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებში დასაქმებულები არიან, მაგრამ ოპოზიციის პოლიტიკური პოზიციის შეცვლაზე ეს ვერ იმოქმედებს. როგორი დაჟინებითაც არ უნდა ეცადოს „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების მაგიდა ააყირაოს, ოპოზიცია ამაზე არ რეაგირებს. ჩვენ გამოვიყენებთ სრულად იმ სივრცეს, რომელიც მოლაპარაკებებისთვის არსებობს, რა დაბრკოლებებიც არ უნდა შექმნას „ქართულმა ოცნებამ“ ამ პროცესში“, – განაცხადა ბუაძემ.