საბა ბუაძე - რამდენიმე ადამიანი გაემიჯნა საკუთარ პარტიას და შევიდა პარლამენტში, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ ასეთად წარმოუდგენია მისთვის კომფორტული ოპოზიცია
საბა ბუაძე - რამდენიმე ადამიანი გაემიჯნა საკუთარ პარტიას და შევიდა პარლამენტში, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ ასეთად წარმოუდგენია მისთვის კომფორტული ოპოზიცია

რამდენიმე ადამიანი გაემიჯნა საკუთარ პარტიას და შევიდა პარლამენტში, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ ასეთად წარმოუდგენია მისთვის კომფორტული ოპოზიცია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ პარლამენტში დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიას, ავთანდილ ენუქიძისა და გელა მიქაძის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობისთვის აუცილებელია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი.

„ერთი ან ორი პარტიის რამდენიმე წარმომადგენლის პარლამენტში შესვლა ვერ მოახდენს ამ ცრუ პროცესის ლეგიტიმაციას. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე ადამიანი გაემიჯნა საკუთარ პარტიას და შევიდა პარლამენტში. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ ასეთად წარმოუდგენია მისთვის მისაღები და კომფორტული ოპოზიცია. ამით მოხდა როგორც „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია, ასევე პარლამენტში შემსვლელთა რეალური განზრახვის წარმოჩენა. ბუნებრივია, ეს პოლიტიკურ პროცესს ვერ შეცვლის, ეს მხოლოდ იმ ადამიანების დელეგიტიმაციას მოახდენს, ვინც პარლამენტში შედის. პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობისთვის აუცილებელია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც უნდა შედგეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შედეგად. მხოლოდ ამას შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა.

პარლამენტი სრულფასოვანი და ლეგიტიმური იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის შეიკრიბება არა გაყალბებული არჩევნების შედეგებზე დაფუძნებით, არამედ სამართლიანი არჩევნების შედეგად, რასაც უნდა უძღოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსი ყველა მხარის მონაწილეობით“, – განაცხადა საბა ბუაძემ.