საბა ბუაძე - პოლიტიკურ კინკლაობაზე რთულია კომენტარის გაკეთება, რადგან ერთმანეთთან დაობს ერთი ბანაკის ორი სხვადასხვა განშტოება
საბა ბუაძე - პოლიტიკურ კინკლაობაზე რთულია კომენტარის გაკეთება, რადგან ერთმანეთთან დაობს ერთი ბანაკის ორი სხვადასხვა განშტოება

ერთი პოლიტიკური ჯგუფის ორი სხვადასხვა განშტოება რაზე დაუპირისპირდება ერთმანეთს, ჩემი აზრით, ნაკლებად საინტერესოა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

საბა ბუაძემ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.

„სიმართლე გითხრათ, ამ პოლიტიკურ კინკლაობაზე რთულია კომენტარის გაკეთება, რადგან ერთმანეთთან დაობს ერთი ბანაკის ორი სხვადასხვა განშტოება. ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია. ისინი დაკავშირებული არიან წარსულით, დაკავშირებული არიან იმ რიტორიკით, რომელსაც სრულიად იდენტურად ვისმენთ ორივე განშტოებიდან და ამიტომაც, ეს კინკლაობა შეუძლიათ, ერთმანეთში გააგრძელონ. ეს არის აბსოლუტურად არასაინტერესო და ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებთან არმყოფი პრობლემები. ერთი პოლიტიკური ჯგუფის ორი სხვადასხვა განშტოება რაზე დაუპირისპირდება ერთმანეთს, ჩემი აზრით, ეს ნაკლებად საინტერესოა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.