საბა ბუაძე - განვიხილეთ სხვადასხვა ვერსია, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია, ინიციატივებთან დაკავშირებით შეჯერებული პოზიცია ჯერ არ არსებობს 
საბა ბუაძე - განვიხილეთ სხვადასხვა ვერსია, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია, ინიციატივებთან დაკავშირებით შეჯერებული პოზიცია ჯერ არ არსებობს 

პოლიტიკური სიტუაცია რჩება ძალიან რთული და დაძაბული. ამ რთულ სიტუაციას სჭირდება სამომავლო გეგმებზე პოზიციების შეჯერება და ამას ემსახურება ოპოზიციის საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები, სადაც განიხილება სხვადასხვა სცენარები, სხვადასხვა სტრატეგიები, რათა მოვახერხოთ და ამ პოლიტიკურ კრიზისში გამოსავალზე შევჯერდეთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რისი დაძლევაც არც ერთ პოლიტიკურ ძალას მარტო არ შეუძლია, არამედ ამისთვის საჭიროა  მრავალპარტიული პარლამენტი.

ამასთან, ბუაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია უახლოეს პერიოდში, თუმცა ჯერჯერობით პოზიციები არ შეჯერებულა და საკითხზე  მსჯელობა  გაგრძელდება.

„მშვიდობა უკვე არ არის, ჩვენ ვიმყოფებით ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ეს კრიზისი აისახება ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე და პირველ რიგში, ეკონომიკაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ გამო და სხვა დამატებითი ფაქტორების გამო, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ამ მასშტაბის კრიზისის აწევა ქვეყანაში არც ერთ პოლიტკურ ძალას მარტო არ შეუძლია. ამას სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი, დემოკრატიული პროცესი, რომელიც შეჩერებულია „ქართული ოცნების“ გამო.

კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეჯერებული პოზიცია არ არსებობს. აქ განხილული იყო სხვადასხვა ვერსია, თუ როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია უახლოეს პერიოდში, გრძელვადიან პერიოდში. ჯერჯერობით მსჯელობა არ დასრულებულა და მიდის სხვადასხვა ვერსიების განხილვა. პროტესტს და პოლიტიკურ პროცესს აქვს სხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის ქუჩის პროტესტი არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ახლა სამწუხაროდ, არ განიხილება პანდემიური ძალიან მძიმე ფონიდან გამომდინარე, მაგრამ ყველა ლეგიტიმურ ზომას და ფორმას ოპოზიცია გამოიყენებს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებას დავანახოთ ახალი არჩევნების უალტერნატივობა. იქნება ეს მოლაპარაკებები, ქუჩის პროტესტი თუ სხვა. ქუჩის პროტესტზე ამჟამად უარის თქმა გვიწევს, რადგანაც პანდემიური აფეთქებაა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.