საბა ბუაძე - ჩვენი მხრიდან კონკრეტულ ულტიმატუმებს ადგილი არ აქვს, გვჭირდება შეთანხმება ისეთ კოალიციურ მოდელზე, რომელიც საზოგადოებაში დააბრუნებს ნდობას პროცესის მიმართ
ჩვენი მხრიდან კონკრეტულ ულტიმატუმებს ადგილი არ აქვს, გვჭირდება შეთანხმება ისეთ კოალიციურ მოდელზე, რომელიც საზოგადოებაში დააბრუნებს ნდობას პროცესის მიმართ, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ მისი პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას.
„არჩევნებისთვის შეთანხმება გვჭირდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კონფიგურაციის იქნება და რა პრინციპებზე იქნება დაფუძნებული მომავალი ოპოზიციური კოალიცია. ამაზე შეთანხმება აუცილებელია იმისთვის, რომ ამომრჩეველმა დაინახოს, თუ ვის აბარებს ქვეყანას, რომელიც ამ კოალიციაში იქნება გაწევრიანებული. ამ თემაზე დისკუსიის გახსნა აუცილებელია იმისთვის, რომ ზუსტი იყოს საზოგადოების მოლოდინი. ჩვენი მხრიდან კონკრეტულ ულტიმატუმებს ადგილი არ აქვს, ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ისეთ კოალიციურ მოდელზე, რომელიც საზოგადოებაში დააბრუნებს ნდობას პროცესის მიმართ. შემოთავაზებული იყო, რომ ძალოვანი მინისტრები სამოქალაქო სექტორის წარმომადგებლებიდან იყვნენ“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
ამასთან, შეკითხვაზე, ითვალისწინებენ თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულ გამოცდილებას ძალოვან მინისტრებზე, ბუაძემ აღნიშნა: „საუბარია იმაზე, რომ ძალოვნები რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს კი არ ჰყავდეს, არამედ სამოქალაქო სექტორიდან იყვნენ. ამას აქვს ორი მიზეზი – არარაციონალური შიშები, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში უფრო მეტად არის გაღვივებული და მათ შორის ის წარსული გამოცდილებაც, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვაქვს, რაც შეიძლება, მოსახლეობისთვის ქმნიდეს გარკვეულ შიშებსა და საფრთხეებს. ამიტომ გვჭირდება არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელზე შეჯერება, არამედ მსჯელობა უნდა იყოს, რომ სამოქალაქო სექტორს აქტიური როლი ჰქონდეს ამ მიმართულებით“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურმა ძალებმა უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები კოალიციის შესაქმნელად და საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, ასევე პრემიერობის კანდიდატზე. თუმცა, მისივე თქმით, დღესვე უნდა შეთანხმდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილი მომავალ მთავრობაში.