საბა ბუაძე - ჩვენ მუდმივად დიალოგის რეჟიმში ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ პოზიციების დაახლოება და პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მოხდეს
საბა ბუაძე - ჩვენ მუდმივად დიალოგის რეჟიმში ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ პოზიციების დაახლოება და პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მოხდეს

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი ადრესატი არის „ქართული ოცნება“, ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის ამ პოლიტიკური კრიზისის ერთადერთი ავტორი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სიბრიყვის გამო პროცესებმა გადაინაცვლა ქუჩაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ ევროპარლამენტარების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „ახლა, სწორედ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომ პროცესების ნორმალიზება მოხდეს“.

„ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთადერთი წინაპირობა არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. აქედან გამომდინარე, ყველა ის კრიტიკული გზავნილი, რომელიც მოდის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არის ძალიან საყურადღებო, პირველ რიგში „ქართული ოცნებისთვის“, თუმცა ოპოზიციაც ძალიან ყურადღებით აკვირდება ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს. ჩვენ მუდმივად დიალოგის რეჟიმში ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ზუსტად იმიტომ, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება და პოლიტიკური კრიზისის დაძლევა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.