საბა ბუაძე - ცალკეული ინიციატივები ოპოზიციის საერთო მოთხოვნებიდან ყურადღების გადატანას ხელს უწყობს და „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების მიღწევას ართულებს
საბა ბუაძე - ცალკეული ინიციატივები ოპოზიციის საერთო მოთხოვნებიდან ყურადღების გადატანას ხელს უწყობს და „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების მიღწევას ართულებს

ცალკეულად გაჟღერებული ინიციატივები ოპოზიციის საერთო მოთხოვნებიდან ყურადღების გადატანას ხელს უწყობს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა.

საბა ბუაძის თქმით, „ლელო“ არ გეგმავს ინდივიდუალური შეხვედრების გზით, რაიმე გადაწყვეტილების მიღებას. მისივე განცხადებით, ყველა ინიციატივა უნდა განიხილებოდეს საერთო ოპოზიციურ ფორმატში.

„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი გაუფრთხილდეს იმ ერთიან მოთხოვნებს და ერთიან კურსს, რომელზეც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ შეჯერდა ოპოზიცია. ცალკეულად გაჟღერებული ინიციატივები ამ საერთო მოთხოვნებიდან ყურადღების გადატანას ხელს უწყობს, ართულებს „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების მიღწევას.

ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ინიციატივა, რომელზეც შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს მსჯელობა, უნდა განიხილებოდეს საერთო ოპოზიციურ ფორმატში. კონსესუსი არის ერთადერთი გზა, რომლითაც ახალ ინიციატივებსა და მოთხოვნებზე უნდა ვმსჯელობდეთ. საერთო ოპოზიციური ფორმატის გარდა, ჩვენ არ ვგეგმავთ ინდივიდუალური შეხვედრების გზით, რაიმე გადაწყვეტილების მიღებას.

„გირჩის“ და „მოქალაქეების“ მიერ გაჟღერებული ინიციატივა საჭიროებს დამატებით განხილვას. ყველა ინიციატივა უნდა იქნეს განხილული, რომ ვიცოდეთ, რა არის ოპტიმალური ვარიანტი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზაზე, მაგრამ ჩვენ ყველა ერთად შევჯერდით იმ ოთხპუნქტიან მოთხოვნაზე, რომელიც წერილობით მივაწოდეთ ხელისუფლებას, ფასილიტატორების მეშვეობით. მოთხოვნასთან მიმართებაში დღის წესრიგი არ შეცვლილა.

ცალკეული ინიციატივები ხელისუფლებას უქმნის განცდას, რომ ოპოზიციაში არ არის ერთობა. ისინი საკუთარ თავს აძლევენ უფლებას, ოპოზიციას ხელის გადაგრეხვის მეთოდებით ესაუბრონ“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

დატოვე კომენტარი