საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ხვალისთვისაა დაგეგმილი
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი.
ჯგუფი საარჩევნო რეფორმის მომზადების მიზნით იმუშავებს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი არიან.
ჯგუფის მიერ მოსამზადებელი რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო. ამ დოკუმენტის შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა ფუნდამენტურად უნდა გატარდეს. მათ შორის, უნდა შეიცვალოს ცესკო-ს დაკომპლექტების წესი, ახალი წესით აირჩევა ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე ხმის მიცემის სისტემა ელექტრონული იქნება.
პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, მისი დამტკიცება პირველ მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია პარლამენტს დატოვებს.