საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან როგორც მმართველი გუნდის ლიდერები, ასევე იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული და საბოლოოდ, შარლ მიშელის დოკუმენტით ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს.

შეხვედრას ესწრებიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი თემა იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვის საკითხები. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ დაახლოებით 40-მდე წინადადება ექნებათ, რომელსაც დღეს სამუშაო ჯგუფს წარუდგენენ.

სამუშაო ჯგუფმა საარჩევნო კანონმდებლობაში ის რეკომენდაციები უნდა ასახოს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით ქვეყანას ვენეციის კომისიამ, ეუთო/ოდირმა მისცეს. ასევე დოკუმენტში ასახული უნდა იყოს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხები.

შეხვედრა „ამბასადორი კაჭრეთში“ მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი