„საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებით მედიაკამპანიისა და საეთერო დროის გადანაწილების საკითხები განისაზღვრება
„საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები მედიაკამპანიისა და საეთერო დროის გადანაწილების საკითხებსაც მოიცავს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უფასო საეთერო დროის მოსაპოვებლად დადგენილი „ბარიერის“ შესახებ გათვალისწინებულია ორი პუნქტი – პირველი პუნქტი გარდამავალ პერიოდზე იქნება ორიენტირებული და დაადგენს, რომ უფასო საეთერო დროს მიიღებენ ის სუბიექტები, რომლებიც ბოლო (2020) საპარლამენტო არჩევნებში გადალახავენ კონსტიტუციით დადგენილ ბარიერს (პარტიებისთვის 1%); ხოლო მეორე პუნქტი – ამოქმედდება 2024-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და დაადგენს 3%-იან ბარიერს. ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 2020- ის საპარლამენტო არჩევნებისთვის იმოქმედებს კანონმდებლობაში ამჟამად მოქმედი პრინციპი (უფასო საეთერო დროს მიიღებს 19 კვალიფიციური პარტია). ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, მედია-კამპანიის თანასწორ პირობებში ჩასატარებლად, მაუწყებელი ვალდებული იქნება, ცესკო-სა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, გადასცეს საეთერო დროის ტარიფები, რომელთა გადახედვა (პირველი ტურის ფარგლებში) შესაძლებელი იქნება ერთხელ.
ასევე კანონპროექტით განისაზღვრება ისიც, რომ წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღების მიზნით, დაუშვებელი იქნება, ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. ზუსტდება, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა სუბიექტის რეკლამირების აკრძალვის შესახებ ჩანაწერში იგულისხმება მხოლოდ პოზიტიური რეკლამა.
ამასთან, ცვლილებებით, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას დგინდება სუბიექტის სახელწოდების/საარჩევნო ნომრის ვიზუალიზაციის პარამეტრები. კერძოდ, რეკლამის გაშვებისას შესაბამისი სიმბოლოები უნდა ფარავდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს. რეკლამის დასასრულს, არანაკლებ ბოლო ერთი წამის განმავლობაში, მკაფიოდ უნდა იქნას ნაჩვენები სუბიექტის სახელწოდება/საარჩევნო ნომერი. აგრეთვე, ინიციატივის მიხედვით, მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისათვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი (რეკლამის დამკვეთი) სუბიექტისთვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა, ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად.
კანონპროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის 30-ე დღიდან არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის დახარჯული თანხის არანაკლებ 10%-ის გამოყენებული უნდა იყოს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა შვიდ მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.