საარჩევნო ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით ცვლილებები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში შედის
საარჩევნო ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით ცვლილებები კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში შედის

საარჩევნო ბარიერის ხუთიდან-სამ პროცენტამდე შემცირების მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები ინიცირებულია. კონსტიტუციური პროექტი, რომელსაც ხელს 85 დეპუტატი აწერს, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

კონსტიტუციურ პროექტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში იქნება ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხუთ-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი სამ პროცენტამდე მცირდება.

ამასთან, კონსტიტუციური პროექტით ასევე იცვლება ფრაქციის დაკომპლექტების წესი. კერძოდ, პროექტით, 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები პარტია „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა.

კონსტიტუციური ცვლილებების დამტკიცებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, ამ დროისთვის, პარლამენტში 96 დეპუტატია.

დატოვე კომენტარი