ცესკო არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს
საარჩევნო ადმინისტრაცია 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ყველა ჯგუფს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკო-ს ინიციტივით შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამართეს შეხვედრები და იმსჯელეს იმ რეკომენდაციებზე, რომელთა გათვალისწინებითაც აღნიშნულ პირებს, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების მაქსიმალური დაცვით შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.
„სამუშაო ჯგუფის წევრებთან კონსულტაციების შედეგად ცესკო-მ შეიმუშავა დოკუმენტი რომელიც უკვე გადაგზავნილია დამატებითი მოსაზრებების გასაზიარებლად ჯგუფის წევრებთან და რომელზეც ცესკო უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას, საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის სამუშაო ჯგუფის წევრებს კონსტრუქციული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სთავაზობს არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფების მომსახურებით. კერძოდ, ცესკო მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში შექმნის არანაკლებ ერთ საარჩევნო უბანს და დააკომპლექტებს სპეციალურ ჯგუფებს.
სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და კარანტინში მყოფ ამომრჩევლებთან საარჩევნო ყუთის მიტანას. ამასთან, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, შესაძლებლობა ექნებათ, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის შეთავაზება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისათვის, ცალკე საარჩევნო უბნის გახსნასა და სპციალური ჯგუფების საშუალებით მობილური ყუთებით მომსახურების შესახებ, უზრუნველყოფს ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურ უსაფრთხოებას.
სოციალური ჯგუფის თითოეული წევრი, მათ შორის საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით: ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარით და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სრულად იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას. ნიშანდობლივია, რომ სპეციალურ უბნებსა და მის წევრებს არ ექნებათ შეხება ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებთან და შესაბამის პროცესთან, რაც უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, პროცესის დაცულობას და ამასთან, ჩართული მხარეებისთვის მონაწილეობის შესაძლებლობას. ხმების დათვლა განხორციელდება არა სკარანტინო სივრცეებსა და სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში, რაც ხელს შეუწყობს პროცესის მეტ გამჭვირვალობას. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი წესების დაცვით, დამკვირვებლებს, მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაყვნენ გადასატან საარჩევნო ყუთს, დააკვირდნენ კენჭისყრის მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დადგენილი პროცედურების უზრუნველსაყოფად მოახდენს როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების, ისე არჩევნებში ჩართული მხარეების დროულ ინფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის ყველა მონაწილის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.