სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი 10 აპრილამდე გადაიდო
სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი 10 აპრილამდე გადაიდო

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი 10 აპრილამდე გადაიდო.

სხდომის გადადების შუამდგომლობა სააკაშვილის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა დააყენა. მისი თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბოლო პროცესებს აღარ ესწრებოდა და მან ამ პროცესების ოქმების გაცნობის გონივრული ვადა მოითხოვა, ბრალდების მხარის განცხადებით, კაკოიშვილის ეს გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის მსგავსად პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.

პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე გამოცხადდა დაცვის მარის ორი ადვოკატი.

„მათ შორის დავით კაკოიშვილი, რომლის მიხედვითაც მის მიმართ პირველ ინსტანციაში ბრალდებულ სააკაშვილს აცილება აქვს დაყენებული, შესაბამისად მან წარმოადგინა ახალი ორდერი, რაც ადასტურებს, რომ პირველ ინსტანციაში დავით კაკოიშვილის ნაბიჯები ემსახურება მხოლოდ პროცესის გაჭიანურებას და არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა სამართლებრივ პროცესებთან. ჩვენ არ დავეთანხმეთ პროცესის გადადებას, რადგან კაკოიშვილმა განაცხადა, რომ საქმის მასალებს არ იცნობდა და სასამართლოდან ჰქონდა მოსაპოვებელი მასალები. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ბატონი კაკოიშვილი ბოლო მომენტამდე ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის მომენტშიც კი იმყოფებოდა სასამართლო სხდომებზე, შესაბამისად, მას რაიმე ახალი გარემოების შესწავლა არ მოუწევდა“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

სააკაშვილის ადვოკატის დავით კაკოიშვილის თქმით, სააკაშვილმა მისი აცილება პირველ ინსტანციაში მხოლოდ იმიტომ მოითხოვა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე გიორგი არევაძე მიკერძოებული იყო. ადვოკატის თქმით, სააკაშვილის პოზიციით აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ამ ინსტანციაში ჩვენი მიზანი საქმის გაჭიანურება არ არის, პირიქით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში ეს საქმე ვერ ნახავს მართლმსაჯულებას, განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავიდეთ, სადაც ეს საქმე წარმატებით დასრულდება, ვინაიდან ეს საქმე სრულიად უკანონო, პოლიტიკური და დაუსაბუთებელია. მასში სასამართლოს მიერ გატარებულია არა მხოლოდ უკანონო და დაუსაბუთებელი მსჯელობები, არამედ სახიფათო, ოღონდ არა მიხეილ სააკაშვილის ან სხვა პირების მიმართ, არამედ საზოგადოებისთვის. ჩვენ მოვითხოვეთ გონივრული ვადა, საკმაოდ მცირე დრო, რათა ჩემს მიერ საქმის მასალების შესწავლა მოხდეს, რომელსაც აღარ ვესწრებოდი. ასევე უნდა გავეცნო სააპელაციო საჩივარს და შესაგებელს.

მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია, რადგან თვლის, რომ ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„გადაწყვეტილების მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება ვერ შეძლოს, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ვერ ჩაერთოს და უკვე საქართველოდან ამ ხელისუფლებას ოპონირება ვერ გაუწიოს. წინასწარ მოლოდინებს ვერ გეტყვით, ვიმეორებ – თუ საქართველოში სააპელაციო სასამართლო, შემდეგ კი უზენაესი სასამართლო სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას, ეს საქმე წავიდეს სტრასბურგის სასამართლოში, რომლის პრაქტიკასაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსამართლე გიორგი არევაძის მთელი რიგი მსჯელობები, რომელიც მის გადაწყვეტილებაშია ასახული“, – განაცხადა დავით კაკოიშვილმა.