სააპელაციო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება
სააპელაციო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე პროცესი გაიმართება.

დაცვის მხარის თქმით, ისინი პროცესზე რამდნიმე შუამდგომლობას დააყენებენ. სასამართლოს გიორგანაშვილის ახალ ბრალთან დაკავშირებული მტკიცებულებების წარდგენას თხოვენ, ასევე მოითხოვენ სხდომის გადადებას გონივრული ვადით.

როგორც მსახიობის ადვოკატი აცხადებს, საქმის მოცულობიდან გამომდინარე, მასალების საფუძვლიანად გაცნობა ვერ მოახერხეს. გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდება, დაცვის მხარე სხდომაზე სააპელაციო მოთხოვნას წაიკითხავს, ასევე მოისმენს პროკურატურის მხარის პოზიციას და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს. პირველმა ინსტანციამ მას დიდი ოდენობის ბუპრენორფინის, იგივე სუბოტექსის შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მსახიობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცით, გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. გიორგი გიორგანაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.