სააპელაციო სასამართლომ ის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა
სააპელაციო სასამართლომ ის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის შესახებ 2016 წლის აპრილში დაწყებული განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა – ინფორმაციას მწვანე ალტერნატივა ავრცელებს.

“შპს „ტიფლის კოსტავა“ და შპს „გრაალი” ითხოვდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მწვანე ალტერნატივას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა”, – ნათქვამია მწვანე ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

2016 წლის 12 აპრილს ა(ა)იპ მწვანე ალტერნატივამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა. ორგანიზაციამ მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, ასევე, შპს „გრაალმა“ და შპს „ტიფლის კოსტავამ“.