რვა გოლი ფინალში - მადრიდის „რეალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. „სამეფო კლუბმა“ ფინალში საუდის არაბეთის „ალ ჰილალი“ 5:3 დაამარცხა.

ფინალამდე ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულებმა ეგვიპტურ „ალ აჰლის“ 4:1 მოუგო. „ალ ჰილალმა“ კი „ფლამენგოს“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლია.

ანგარიში მე-13 წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა – ბენზემამ საჯარიმოსთან ახლოს ვალვერდესთან კედელი გაითამაშა, რის შემდეგაც თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კი მეკარეს აჯობა. მე-18 წუთზე სხვაობა ორამდე გაიზარდა – ფლანგიდან მოდრიჩის ჩაწოდებული ბურთი ბოლოს ვალვერდეს მიუვიდა, ურუგვაელის დარტყმული „ალ ჰილალის“ მცველს მოხვდა და მეკარემ მოგერიება ვერ მოახერხა. 26-ე წუთზე „ალ ჰილალმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. კონტრშეტევის შემდეგ, ანდრეი ლუნინთან პირისპირ მარეგა დარჩა, რომელმაც გოლი გაიტანა და ანგარიში 1:2 გახადა.

მეორე ტაიმის სცენარიც თითქმის იგივენაირად წარიმართა – 54-ე წუთზე, ამჯერად, ვინისიუს ჟუნიორმა გაუკეთა შესანიშნავი პასი ქარიმ ბენზემას, რომელსაც გოლის გატანა არ გაუჭირდა და თავისი გუნდი კომფორტული უპირატესობით წინ გაიყვანა 3:1. ოთხ წუთში მადრიდელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს – დანი კარვახალის პასით ფედერიკო ვალვერდემ ისარგებლა და დუბლი შეასრულა. „ალ ჰილალმა“ ლუსიანო ვიეტოს გოლით (63) სხვაობა კვლავ შეამცირა, შემდეგ კი მეორე გოლი ვინისიუს ჟუნიორმაც (69) გაიტანა. ბოლო წერტილი ამ შეხვედრაში ლუსიანო ვიეტომ დასვა. არგენტინელმა ფეხბურთელმა „სამეფო კლუბთან“ 79-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 5:3.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ხუთჯერ გავიდა და ხუთივეჯერ მოიგო.