რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
რუსულმა ძალებმა, გვიან ღამით, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
იერიშის შედეგად გარდაცვლილია სულ მცირე სამი ადამიანი, ექვსი კი დაშავებულია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა სკოლის შენება და შვიდი მრავალსართულიანი სახლი. ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რის შემდეგაც ცნობილი გახდება მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა.
როგორც ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, დონბასში ვითარება უკიდურესად მძიმე რჩება. მისი თქმით, რუსეთმა დონბასში თავისი ძალის მაქსიმალურ რაოდენობას მოუყარა თავი. რუსული ძალებისთვის მთავარ სამიზნეებს ამჟამად წარმოადგენენ დასახლებები სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, ავდეეკვა და სლავიანსკი.