რუსული სახელმწიფო კომპანიები Facebook-სა და Twitter-ში ინვესტიციებს დონალდ ტრამპის სიძის ბიზნესპარტნიორის შუამავლობით დებდნენ
რუსული სახელმწიფო კომპანიები Facebook-სა და Twitter-ში ინვესტიციებს დონალდ ტრამპის სიძის ბიზნესპარტნიორის შუამავლობით დებდნენ

რუსული სახელმწიფო კომპანიები Facebook-სა და Twitter-ში მილიონობით დოლარის ინვესტიციებს დებდნენ. ამის შესახებ საუბარია ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ Paradise Papers-ის სახელით გამოქვეყნებულ მასალებში.

კერძოდ, დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკულ კომპანიებში ინვესტიციები განახორციელეს „ვი-თი-ბი ბანკმა“ და „გაზპრომმა“.

როგორც CNN იუწყება, რუსული სახელმწიფო კომპანიები ტრანზაქციებს დონალდ ტრამპის სიძისა და მრჩევლის ჯარედ კუშნერის ბიზნეს-პარტნიორის იური მილნერის შუამავლობით ახორციელებდნენ.

Paradise Papers-ის მასალებიდან ირკვევა, რომ „ვი-თი-ბი ბანკმა“ მილნერთან დაკავშირებულ ოფშორულ კომპანია DST Global-ს 191 მილიონი დოლარი გადაურიცხა. აღნიშნული თანხით 2011 წელს Twittes-ის აქციების შეძენა მოხდა.

ამას გარდა, რუსეთის გაზისა და ნავთობის კომპანია „გაზპრომმა“ მილნერთან დაკავშირებული სხვა ოფშორული კომპანიის დახმარებით მრავალმილიონიანი ინვესტიცია Facebook-ში ჩადო.

ამასთან, გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ რუსმა ბიზნესმენმა იური მილნერმა 850 ათასი დოლარი ჩადო ჯარედ კუშნერისა და მისი ძმის მიერ დაფუძნებულ კომპანია Cadre-ში, რომელიც უძრავი ქონების სფეროში საქმიანობს. როგორც მილნერმა გამოცემა Time-თან განაცხადა, ის დონალდ ტრამპის სიძეს ჯარედ კუშნერს მხოლოდ ერთხელ შეხვდა.