რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივას „ევროპული საქართველო“ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე წარადგენს
რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივას „ევროპული საქართველო“ პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ბოლომდე წარადგენს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სერგი კაპანაძემ დღეს იმ ძირითად პრინციპებზე ისაუბრა, რასაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივა უნდა დაეფუძნოს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის გააქტიურება შეინიშნება და ეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ანგარიშმაც დაადასტურა.
„საქართველოში ბოლო პერიოდში რუსეთის დრამატულად გააქტიურებას სხვადასხვა მიმართულებით ვხედავთ. დღეს რუსული პროპაგანდისა და რუსული რბილი ძალის გააქტიურებაზე ვისაუბრებ. ეს გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ პოლიტიკური პარტიები გამოჩნდნენ, რომლებიც პრორუსულ გზავნილებს პირდაპირ ქადაგებენ, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა ფონდები ასევე რუსული იდეების აქტიურად გამავრცელებლები არიან, არამედ გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში სამწუხაროდ პრორუსული განწყობების მქონე მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა. რუსეთის მხრიდან ეს აქტივობა 2017 წლის ანგარიშში სუს-მაც დაადასტურა“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
სერგი კაპანაძის განცხადებით, რუსული პროპაგანდისა და ე.წ. რბილი ძალის გააქტიურება განსაკუთრებით ბოლო კვირებში შეინიშნება. „ევროპული საქართველოს“ წევრი იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მათ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს.
„ეს გააქტიურება განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირაში თუ თვეში შეინიშნება. საქართველოს საბიუჯეტო სახსრები მიედინება ისეთ რედაქციებში, რომლებიც ქსენოფობიურ და პრორუსულ პოლიტიკას პირდაპირ ატარებენ. მეორეს მხრივ გავიგეთ, რომ რუსულ ტელეარხებს საქართველოს საბიუჯეტო ფულს სხვადასხვა სარეკლამო რგოლების განსათავსებლად უხდიან. ბოლო ინფორმაცია იყო, რომ საქართველოში „გაზპრომ
მედია“ შემოდის თავის საკმაოდ დიდი, „ენ-ტე-ვეს“ პაკეტით, რაც სერიოზული გამოწვევაა, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ამიტომ „ევროპული საქართველო“ დღეს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ვიწყებთ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე საქართველოს პარლამენტს შევთავაზებთ. იმედი მაქვს, რომ უმრავლესობას კეთილგონიერება ეყოფა და საკანონმდებლო პაკეტს მივიღებთ, რომელიც იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობის გზით წავიდეს და რუსულ პროპაგანდას შეებრძოლოს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, პარტია საკითხზე თანამშრომლობას სთავაზობს როგორც არასამთავრობო სექტორს, ისე პროდასავლურ პარტიებს და საზოგადოების წარმომადგენლებს. მისივე თქმით, ინიციატივის ავტორები ორი მიმართულებით მუშაობენ, მათ შორის ერთი მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის ზრდას და კონკრეტული ფინანსური არხების გადაკეტვას ითვალისწინებს.
„ჩვენ ამ პროცესში ჩართვას არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველა პროდასავლურად განწყობილ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ვთავაზობთ. ამ კუთხით უახლოეს პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში კონკრეტულ ინიციატივებს დავაყენებთ. ძირითადად ორ მიმართულებაზე ვფიქრობთ. პირველი მიმართულებაა დაფინანსების შეზღუდვა ან შეჩერება ისეთ მედიასაშუალებებზე, რომლებიც რუსული პროპაგანდის გამავრცელებლები არიან. აქ შეიძლება რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა იყოს, უფრო
მეტი გამჭვირვალობის კუთხით, ისევე, როგორც კონკრეტული ფინანსური არხების გადაკეტვის კუთხით. მეორე მიმართულება ეს არის ისეთი ტიპის, მათ შორის სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობის შეზღუდვა, რომელიც ბევრ ქვეყანაში იზღუდება“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.