რუსული მედიის ინფორმაციით, გაუჩინარდა ომსკის იმ საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი, სადაც ალექსეი ნავალნი მკურნალობდა
რუსული მედიის ინფორმაციით, გაუჩინარდა ომსკის იმ საავადმყოფოს ყოფილი მთავარი ექიმი, სადაც ალექსეი ნავალნი მკურნალობდა

რუსული მედიის ცნობით, ომსკის საავადმყოფოს ყოფილი უფროსი ექიმი ტყეში გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ალექსანდრ მურახოვსკი სანადიროდ წავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მურახოვსკის ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრის პოსტი უკავია.

დაკარგულ ექიმს პოლიცია და ადგილობრივები ერთობლივად ეძებენ.

ომსკის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ექიმი უკვე 24 საათია, არავის უნახავს, რის გამოც ახლობლებმა სამართალდამცველებს დასახმარებლად მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ მურახოვსკი იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო, სადაც შარშან მოწამვლის ნიშნებით რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გადაიყვანეს. მურახოვსკი მაშინ კატეგორიულად უარყოფდა ვერსიას, რომ ნავალნი ნერვულ-პარალიტიკური შხამით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ომსკში გარდაიცვალა ორი ექიმი, რომლებმაც ნავალნის აეროპორტიდან გადაყვანის შემდეგ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაუწიეს – 26 მარტს გარდაიცვალა 63 წლის რუსტამ აგიშევი, რომელიც ომსკის საავადმყოფოს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მისი გარდაცვალების მიზეზად მანამდე გადატანილი ინსულტი დასახელდა. 4 თებერვალს კი გულის შეტევით გარდაიცვალა ამავე საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, 55 წლის სერგეი მაქსიმიშინი.