რუსული მედიის ცნობით, მაგნიტოგორსკში, ერთ-ერთ სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული
მაგნიტოგორსკში სპეცრაზმმა ერთ-ერთი სახლი ალყაში მოაქცია. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაპორტალი 74.ru ავრცელებს. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცავები 31 დეკემბერს ჩამონგრეულ შენობასთან ახლოს მდებარე კორპუსში შევიდნენ და მეშვიდე სართულზე მცხოვრები მამაკაცის დაკავებას ცდილობენ. საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ შენობიდან ისმის სროლის ხმაც.
მაგნიტოგორსკში პირველ იანვარს აფეთქდა სამარშრუტო ტაქსიც. მედიის ცნობით, ავტომობილში ტერორისტები იმყოფებოდნენ. სამი მათგანი ლიკვიდირებულია, ერთი კი გაიქცა.
31 დეკემბერს მაგნიტოგორსკში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, 9 ადამიანი დაიღუპა. ათობით მოქალაქე ნანგრევებში რჩება. არსებობს კორპუსის სხვა სადარბაზოების ჩამონგრევის საფრთხე. რუსული მედია წერს, რომ მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად ტერაქტი განიხილება, სამართალდამცველებმა კი ნანგრევებში ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია საგამოძიებო კომიტეტში უარყვეს.