რუსული მედიის ცნობით, კრემლი იზიარებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მოწოდებას, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით
კრემლი იზიარებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მოწოდებას, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ წერს.
„რუსეთის ხელისუფლებაში იზიარებენ შეშფოთებას საქართველოსთან ამჟამინდელი ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობაზე და მისი გაუმჯობესების მოწოდებით გამოდიან“, – „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ კრემლში განაცხადეს.
„ტასის“ ინფორმაციით, კრემლში კომენტარი გააკეთეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი გაგზავნილ ღია წერილზე, სადაც თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში დახმარების გაწევაზე არის საუბარი.
„ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას ორმხრივი კავშირების ამჟამინდელ მდგომარეობასა და მათი გაუმჯობესების მოწოდებასთან დაკავშირებით. რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს. მოგეხსენებათ, ჩვენ აღნიშნულის შეწყვეტის ინიციატორები არ ვიყავით“, – განაცხადეს კრემლის პრესსამსახურში.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ღია წერილს კრემლში უწოდებენ იმის აშკარა დადასტურებას, რომ „რუსოფობებისა და რადიკალების ყველა მცდელობის მიუხედავად, საქართველოში არსებობენ გონიერი ძალები, რომლებიც ორ სახელმწიფოს შორის კეთილმეზობლური კავშირების აღდგენას ცდილობენ“.
კრემლის პრესსამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ რუსულ-ქართული დიალოგი გრძელდება, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თაობაზე არსებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში და აგრეთვე ორმხრივ საფუძველზე აბაშიძე-კარასინის არაფორმალური დიალოგის არხის გამოყენებით.
„ამის წყალობით მიღწეულია გარკვეული შედეგები სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში“, – აღნიშნავენ კრემლში.